

ბოსლევი — ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების გაღმა ბოსლევისა და გამოღმა ბოსლევის ძველი სახელწოდება.
ამჟამად ბოსლევის თემი აერთიანებს სოფლებს: ბეღლევი, (თემის ცენტრი), ბეღლევი, გამოღმა ბოსლევი, გაღმა ბოსლევი, დიდწიფელა, მარცხენა რკვია, მარჯვენა რკვია.

გადავხედოთ ცნობებს ბოსლევის შესახებ
(ქც 4: 759,4). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 759,4). XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (დას. საქ. საბ. 1921: 113; საისტ. კრ. 1929: 91, 94; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 1094; 1977: 430) ალექსი იევლევის იმერეთის სამეფოში ელჩობის საანგარიშო აღწერილობა (იევლევი 1969: 86, 166), ტოლოჩანოვის იმერეთის სამეფოში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა (ტოლოჩანოვი 1970: 152, 266), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 301).
ვახუშტი ბაგრატიონი ბოსლევის შესახებ გადმოგვცემს: „ხოლო ყვირილას შორაპანს ზეით არს მარტოთუბანი, მას ზეით ბოსლები“ (ქც 4: 759,4).
მდებარეობს ზესტაფონის მუნიც-ში, სოფ. გაღმა ბოსლევისა და გამოღმა ბოსლევის ტერიტორიაზე.
ბოსლევი-ბოსლები წყაროებში მოხსენიებულია XVII ს-დან (იევლევი 1969: 86, 166). იოჰან გიულდენშტედტი სოფელ ბოსლევს იხსენიებს ყვირილას ზემო წელზე არსებულ სოფლებს შორის (გიულდენშტედტი 1962: 301). 1789 წ. იმერეთის მეფე სოლომონ II-მ (1789-1810) გელათის მონასტერს შესწირა ბოსლევის მამული (საისტ. კრ. 1929: 94). სოფ. ბოსლევში თავს იყრიდა საჩხერე – შორაპნისა და საზანო – ბოსლევ – ამაშუკეთის გზები (ბერძენიშვილი 1964: 22).
ბოსლევი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
აქ არის წმინდა გიორგის გუმბათიანი ეკლესია, სადაც ინახება გურიიდან (ოზურგეთიდან) ხუთი ძმა მჭედლიძეების მიერ 200 წლის წინათ მოტანილი რკინის ჯვარი, რომლის წინაპირზე გადაკრულია ვერცხლი და შემკულია წმინდა გიორგის 4 ჭედური ხატით. მასზე იკითხება წარწერის ნაშთი: „წმიდა გიორგი“. ბოსლევში შემორჩენილია კოშკის ნანგრევებიც (ბოჭორიძე 1995: 144, 145, 250).
სოფელი ბოსლები მდებარეობს დმანისის რაიონშიც.
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1964: 22; ბოჭორიძე 1995: 144, 145, 250; გიულდენშტედტი 1962: 301; დას. საქ. საბ. 1921: 113; იევლევი 1969: 86, 116; საისტ. კრ. 1929: 92; სოსელია 1981: 87; ტოლოჩანოვი 1970: 152, 266; ქც 4: 759,4; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 1094; 1977: 430.
See also: ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ–ბა, 2013. – 739 გვ.